საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობით არა ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. სწორედ ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „ანკო“ სამგორში, მრავალბინიანი კომპლექსის ფარგლებში, ახალ 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 4.2 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 3.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც 4 298 კვ.მ ფართობზე აშენდება, გააერთიანებს ღია საპარკინგე ზონას, საბავშვო და სპორტულ მოედნებს. ამას გარდა, აღნიშნული ფართობიდან 2 400 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეს დაეთმობა.
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სამგორში, ქინძმარაულის ქუჩაზე ახალ პროექტს განვახორციელებთ, რომელიც მშვიდ და მყუდრო ადგილას მდებარეობს. რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება და მომხმარებლებს მათზე მორგებულ, ჰარმონიული ცხოვრებისთვის საუკეთესო და კომფორტულ სივრცეს შევთავაზებთ. ამის შესაძლებლობას გამწვანებული გარემო გვაძლევს“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი ჯობავამ.
კომპანია „ანკო“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე არა ერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ამას გარდა, ახალი პროექტი ენერგოეფექტურობით და მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზებებით გამოირჩევა.
„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ბანკისა და კომპანია „ანკოს“ მიერ ახალი პროექტის განხორციელება. კომპანია, რომელიც თბილისში ევროპული სტანდარტების კორპუსს ააშენებს, მომხმარებლებს საუკეთესო გარემოს შეუქმნის. ბინის შეძენის მსურველები კი კომფორტულ და ჰარმონიულ სივრცეში ცხოვრებას ორ წელიწადში შეძლებენ“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.
ინფორმაციისთვის, კომპანია „ანკო“ იმავე ტერიტორიაზე 2023 წლის ბოლომდე კომპლექსის პირველი ბლოკის მშენებლობას ასრულებს, რომლის ბინების 95% უკვე რეალიზებულია.